დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები შენობებში?

04 04 2019

          მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა, რომლის შესასრულებლად საჭიროა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირება, მათ შორის, ადეკვატური სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრების პრევენციის მექანიზმის არსებობა.

           ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა ხანძრების და მათ შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ინფორმაცია 2010-2017 წლებში ხანძრების/წაკიდებების რაოდენობის და ხანძრების შედეგად დაღუპულთა და ტრავმირებულთა რაოდენობის შესახებ.                                      

                                          2010-2017 წწ სტატისტიკა 

           სტატისტიკის თანახმად, მატერიალური ზარალის 85%-ზე მეტი მოდის შენობა-ნაგებობებში გაჩენილ ხანძრებზე. შესაბამისად, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის არსებობა გადამწყვეტია ხანძრების პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე ლიკვიდაციისათვის. ქვემოთ მოცემული გრაფიკი აჯამებს საქართველოში 2016-2017 წლებში განადგურებული და დაზიანებული შენობა-ნაგებობების რაოდენობასა და შენობა-ნაგებობებში გაჩენილი ხანძრებისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. 

                               

               2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ახალმა რეგულაციამ  ,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაავალა ყველა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის  -  საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო, სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ -დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები, საწარმოო, სამრეწველო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები - შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. ამ ჩამონათვალში არ არის საცხოვრებელი სახლები, თუმცა 2016-2018 წლებში მომხდარი ხანძრების სტატისტიკის მიხედვით, შენობა-ნაგებობებში მომხდარი ხანძრების 70% სწორედ საცხოვრებელ სახლებზე მოდის.  2019 წლის პირველ თებერვალს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა  დასკვნა, რომლის მიზანიც იყო თუ რამდენად უზრუნველყოფს საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებილი სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას ობიექტებში.

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით ირკვევა, რომ სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების უდიდეს ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დაცული არ იყო, ხოლო სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი დაბალი დონით ხასიათდებოდა. კერძოდ,  2018 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული დეტალური შემოწმებების მიხედვით, შემოწმებული 226 ობიექტიდან მხოლოდ 1 მათგანში არ აღმოჩნდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული და არ გაიცა რეკომენდაცია, ხოლო ამავე პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შემოწმებების მიხედვით, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების 100% შესრულებული იყო მხოლოდ ობიექტების 14%-ში. 

           2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში სათანადოდ არ იქნა გამოყენებული ობიექტების დაჯარიმების უფლებამოსილება. კერძოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული დარღვევების მქონე ობიექტების 50% არ დაჯარიმდა, ხაოლო დაჯარიმებული ობიექტების 21%-ს ჯარიმები არ ჰქონდა გადახდილი, რამდენადაც, როგორც თავად აუდიტის სამსახური ამბობს თავის დასკვნაში, სამსახურს არ აქვს დანერგილი ჯარიმების გადახდის კონტროლის მექანიზმები.